English / ქართული / русский /
თენგიზ ქავთარაძე
მატყლის პარსვის ინოვაციური სრულყოფის საკითხები საქართველოს მეცხვარეობაში

ანოტაცია. ნაშრომში ინოვაციური თვალსაზრისით შესწავლილია ცხვრის პარსვის საკითხები. ირკვევა, რომ ცხვრის პარსვა მეტად რთული საპასუხისმგებლო საქმიანობაა. სათანადო ყურადღება არ ექცევა პარსვის ოსტატობის დაუფლებას. მოცემულია წინადადება, რომ პარსვის არსებული წესი ძირფესვიანად შეიცვალოს და დაინერგოს ცხვრის პარსვის ჩქაროსნული მეთოდი.

საკვანძო სიტყვები: მატყლის კლასიფიკაცია, მატყლის კანი, პარსვის ვადები, ცხვრის პარსვის გეგმა, საპარსი პუნქტის მუშაობა.

შესავალი. ცხვრის პარსვა მეცხვარეობის რთველია. აღმოსავლეთ საქართველოს უმრავლეს რაონებში ეს არის დრო, როდესაც უნდა ანაზღაურდეს მეცხვარის ამაგი და გამართლდეს მოლოდინი, ეს განსაკუთრებით ითქმის დიდი კავკასიონის მთიანეთის ზოგიერთ რაიონზე, სადაც მეცხვარეობა მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ეს გარემოება გვკარნახობს, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ ცხვრის პარსვის საქმეს, ორგანიზებულად ჩავატაროთ იგი, აღვკვეთოთ ყოველგვარი დანაკარგები, გავპარსოთ და მომხმარებელს ჩავაბაროთ მაღალი ხარისხის მატყლი.

ჩვენში ცხვარი იპარსება სამ ვადაზე – გაზაფხულზე, შემოდგომით (ხნოვანი ცხვარი) და ზაფხულში (ბატკანი). გაზაფხულზე იპარსება მთელი ნაზამთრი სულადობა – ყოჩი, ნერბი, ჭედილა და თოხლი. შემოდგომით მეორედ უნდა გაიპარსოს მხოლოდ შერეულმატყლიანი ცხვარი და ზაფხულში, აგვისტოში – ბატკანი, როგორც შერეულმატყლიანი, ისე ერთგვაროვანი, მაგრამ არაუმოკლეს 4 სანტიმეტრი სიგრძის მქონე მატყლით. პარსვის ვადები მერყეობს მეცხვარეობის ადგილდებარეობისა და დამკვიდრებული სამეურნეო სიტემის შესაბამისად. მომთაბარე მეცხვარეობის რაიონებში გაზაფზულზე ცხვრის პარსვა იწყება აპრილში. მთის სტაციონარული მეცხვარეობის პირობებში ცხვრის პარსვას მაის-ივნისში აწარმოებენ. შემოდგომის პარსვას მომთაბარე მეცხვარობის პრიობებში სექტემბრის დასაწყისში ატარებენ, ხოლო სტაციონარულ პირობებში უფრო მოგვიანებით.

ცხვრის პარსვის გაზაფხულის ვადებს ძირითადად განაპირობებს გასაპარსი  მატყლის მზადყოფნა, მომწიფება, რასაც მეცხვარეობაში მატყლის აყრას ვუწოდებთ. ეს პერიოდი შერეულმატყლიანი ცხვირისათვის მატყლის გაღვერვის ვადას ემთხვევა, ხოლო წმინდა, ნახევარწმინდა მატყლიანი ცხვრისათვის კი, რომელიც არ იღვერება, გაზაფხულზე მოსული მწვანე ბალახით – თებოიანობის შერბილების ვადას. შემოდგომის პარსვის ვადები კი ძირითადად ამინდით განისაზღვრება. მომთაბარე პირობებში საჭიროა ცხვარი ზამთარს საკმარის საბურველში შევახვედროთ და ამიტომ, შედარებით ადრე უნდა გავპარსოთ. სტაციონარულ პირობებში ცხვრის გაციების საშიშროება ნაკლებია, რადგან სიცივის დროს ბინებში ცხვრის შეფარება ადვილია, ამიტომ ცხვრის შედარებით გვიან გაპარსვით არაფერი დაშავდება. უკანასკნელ წლებში, ცხვრის ნაადრევ დოლთან დაკავშირებით, ბატკანს 2-ჯერ პარსავენ – გაზაფხულზე  (ცხვრის პარსვის ჩვეულებრივ ვადაზე) და ზაფხულში.   ნაადრევი დოლის (ნოემბერ-დეკემბერი) ბატკანს ერთგვაროვანი მატყლით, მხოლოდ გაზაფხულზე პარსავენ სხვა ცხვართან ერთად.

ცხვრის პარსვა მეტად რთული და საპასუხიმგებლო საქმიანობაა, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი საქმის მდგომარეობა საქართველოში არ არის დამაკმაყოფილებელი. ბევრ მეურნეობაში ცხვრის პარსვას ატარებენ ნაკლები ორგანიზებულობით, უხარისხოდ, ცხვარზე ზიანის მიყენებით და მატყლის დიდი დანაკარგებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესში გამოყენებულია პარსვის უვარგისი წესი და უხარისხო ტექნოლოგია, საჭიროა მისი არსებითად გაუმჯობესება. ცხვრის პარსვის არსებულ წესში ნაკლებად არის დაცული ხარისხიანი მატყლის მიღების პირობები. სათანადო ყურადღება არ ექცევა პარსვის ოსტატობის დაუფლებას. მეცხვარეობის ეს მეტად მნიშვნელოვანი ინოვაციური პროცესი ტექნიკისა და შრომის ორგანიზაციის არასასურველ დონეზე სრულდება. პარსვის დროს ფუჭდება მატყლის ხარისხი. ხშირია პარსვის დროს მატყლის დაზიანების ისეთი მანკიერებანი, როგორიც არის დაკუწვა, ტყავის გაყოლა, კანის გაგლეჯა, გაჭუჭყიანება, დანაგვიანება და მრავალი სხვა. დიდია ცხვრისათვის მიყენებული ზიანი, ჭრილობები, ტრამვა, გაგუდვა და სიკვდილიანობის შემთვევებიც კი. უხეირო პარსვა მატყლის დიდ დანაკარგს იწვევს, ზრდის მუშახელის მოთხოვნილებას და პარსვის ხარჯებს.

ცხვრის პარვის არსებული წესი ინოვაციური თვალსაზრისით ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს, პარსვა ტექნიკურად მაღალ დონეზე და ორგანიზებულად უნდა წარმოებდეს, ეკონომიკურად ხელსაყრელი უნდა იყოს. ამ მხრივ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ცხვრის პარსვის ინოვაციურ პროგრესულ მეთოდს, რომელიც ჩქაროსნული მეთოდის სახელით არის ცნობილი.

ინოვაციის ამ წესს ძველთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობა ახასიათებს. პირველ ყოვლისა, ახალი ინოვაციური წესით ცხვარი შეუკრავად იპარსება, ამიტომ მპარსავს დრო აღარ ეკარგება ცხვრის შეკვრა-გახსნაზე. გარდა ამისა ცხვარს შეკვრა აწუხებს, ზიანს აყენებს. ახალი ინოვაციური წესით მპარსავს ცხვარი გასაპარსი ბაკიდან თავად გამოჰყავს და პარსვას იწყებს. ე.ი ამ წესით არც მაგიდებია საჭირო და არც ბაკიდან ცხვირის გამომყვანი დამხმარე მუშა. ეს კი პარსვის დაჩქარებასთან ერთად მუშახელის ეკონომიას იძლევა. ახალი, ინოვაციური წესით პარსვის დროს საჭირო არაა არც ერთ ზედმეტი მოძრაობა, უნაყოფოდ არ იკარგება არც ერთი  წუთი. პროცესი აღარ მეორდება და მპარსავი ერთხელ შესრულებულ სამუშაოს კვლავ აღარ უბრუნდება. ვინაიდან პარსვის ცალკეული ხერხები ბუნებრივი თანმიმდევრობით არის აწყობილი. ინოვაციური ჩქაროსნული მეთოდის გამოყენებისას მცირდება ცხვრისათვის მიყენებულ ჭრილობათა, ტრამვების, პირუტყვის გაგუდვის და სიკვდილის შემთხვევები, მაღალია პარსვის ხარისხი და მცირეა დანაკარგი. პარსვის მთელ პროცესში ყველა ნაწილის გაპარსვისას მანქანა თავისუფლად მოძრაობს; ამის გამო მატყლი ნაკლებად იკუწება, ტყავი ნაკლებად იჭრება და გაუპარსავი ადგილიც არ რჩება; მატყლი არ იკარგება, ცხვარი მთლიანად და ხარისხიანად იპარსება. აგრეთვე ცხვრის კანიდან მატყლი ნაბადივით გაუგლეჯავად იხდება, ვინაიდან პარსვის მთელ პროცესში ბეწვი სულ ერთ მხარეზე ეწყობა. ცხვრის პარსვა მეტად სწრაფად ხდება, რასაც განაპირობებს გონივრულად დამუშავებული და აწყობილი სიტემა.

ცხვრის პარსვის დროს სოფლებიდან იძულებით, მუქარით, შეპირებებით გამოჰყავდათ საპენსიო ასაკს გადაცილებული მოხუცი ხალხი. მათ იმდენი ძალ-ღონე აღარ ჰქონდათ, რომ ერთ ხელში 7 კგ წონის ცხვრის საპარსი აგრეგატი დაეჭირათ, ბაკიდან ცხვარი თავად გამოეყვანათ და მეორე ხელით შეუკრავად გაეპარსათ. ამიტომაც  ჭირდა ცხვრის პარსვის პროგრესული, ჩქაროსნული ინოვაციური მეთოდის დანერგვა.

არადამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითავლოს ცხვრის პარსვისა და მატყლის სახელმწიფოსათვის მიყიდვის საქმეც. ცხვრის მატყლის პარსვის პროცეში მეურნეობათა დიდი უმრავლესობა მატყლს არ ახარისხებდა და რაიკავშირს სრულად დაუხარისხებელ მატყლს აბარებდა. მატყლის დამზადების პუნქტებში, მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის მხარის ჟინვალის, ფასანაურის, ქვეშეთის, მლეთისა და სხვა მატყლის დამამზადებელ პუნქტებში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩაბარებული მატყლის დახარისხება. მატყლი კვანძობრივად ისინჯებოდა და ხარისხების მიხედვით ფასდებოდა. მაგრამ თუ დახარისხებული მატყლი ბარდანებში გამზადებული ბარდებოდა, მაშინ მიმღები ნაწილობრივ  ამოწმებდა მის ვარგისიანობას. მატყლის ასეთ შემოწმებას ეწოდება საკონტროლო დახარისხება. წმინდა, ნახევრადწმინდა და გაზაფხულის ნახევრადუხეში მატყლი მიიღებოდა 20%-ანი საკონტროლო შემოწმებით, ხოლო გაზაფხულის უხეში და შემოდგომის როგორც უხეში, ისე ნახევრად უხეში მატყლის მიღება წამოებდა 10%-ანი საკონტროლო შემოწმების საფუძველზე. პირველ შემთხვევაში ყველა ხუთი ბარდანიდან გამოარჩევდნენ ერთ ბარდანას, მეორე შემთხვევაში – მეათე ბარდანას, რომლებსაც ხსნიდნენ, ამოწმებდნენ მასში მოათავსებულ მატყლს და მიღებულ შედეგეს ავრცელებდნენ მთელ მისაღებ პარტიაზე. ასეთი კონტროლის საფუძველზე წარმოებდა მატყლის მიღება სამრეცხაოებსა და მატყლის გადამამუშავებელ ფაბრიკა-კომბინატებშიც. მოსალოდნელია, რომ დახარისხება და ჩამბარებლის მონაცემები არ დაემთხვეს ერთმანეთს. განსხვავება დასაშვები იყო 10%-ის ფარგლებში, მაგრამ თუ საკონტროლო დახარისხების შედეგი აღემატება დასაშვებ ნორმებს, მაშინ ხდებოდა მთელი პარტიების სრულად (100%-იანი) გადახედვა, ხოლო დახარისხებაზე გაწეული ხარჯი ეწერებოდა ჩამბარებელს.

საკონტროლო დახარისხების დროს ხდება აგრეთვე დაბალი ხარისხისა და განსხვავებული მდგომარეობის მატყლის ნარევის გამორკვევა. სუფთა მატყლის გამოსავლიანობის განსხვავება დასაშვებია, რომ მერყეობდეს 2%-ის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მატყლის ღირებულების გადაანგარიშება ხდებოდა მიმღების მიერ დადგენილი  სუფთა მატყლის გამოსავლიანობის საფუძველზე.

სამომხმარებლო კოოპერაციის მატყლის მისაღებ პუნქტებზე მატყლის დახარისხება და სუფთა მატყლის გამოსავლიანობის დადგენა წარმოებდა ჩამბარებლის თანდასწრებით, ხოლო ფაბრიკა-კომბინატებში და სამრეცხაოებში – სახელმწიფო ინსპექტორის თანდასწრებით. საკითხის შესწავლით ირკვევა, რომ როგორც პირად (კერძო),  ისე კოლექტიურ მეურნეობებში ცხვრის პარსვის გეგმა საერთოდ არ დგება. წესით იგი უნდა შემდგარიყო ცხვრის პარსვამდე ერთი თვით ადრე, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა გასაპარსი ცხვრის სულადობა და შემადგენლობა ჯიშის, სქესისა და ასაკის მიხედვით; გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საპარსი პუნქტის გამოყოფა, მისი მოწყობა და მომარაგება  საპარსი აგრეგატით, წნეხით, სალესავებით, სათადარიგო ნაწილებით, საწვავით და საპოხი მასალებით. ტარისა და ბარდანების შესაკერად კანაფის მომარაგება, მარკირებისათვის ტრაფარეტების მომზადება; გეგმით გათვალისწინებული უნდა  იყოს მომსახურე პერსონალი, მაგიდისა და სხვა ინვენტარის გაკეთება, სასწორების შეძენა, ლაბორატორიის მოწყობა სუფთა მატყლის გამოსავლიანობის დასადგენად. გეგმა უნდა გულისხმობდეს პარსვის ვადებს, ცხვრის ჯგუფების პარსვის მორიგეობას, გაპარსული მატყლის ჩაბარების დროს, ადგილს და სატრანსპორტო საშუალებებს.

გეგმაში მოცემული უნდა იყოს პარსვის ყველა პროცესისა და ნაწარმის აღრიცხვიანობის საკითხები. ბოლოს, დახვეწისა და დაზუსტების მიზნით, პარსვის გეგმა საწარმოო თათბირის მსჯელობის საგნი უნდა გახდეს და შემდეგ ბრძანების სახით გადაეცეს წარმოებას.

დასკვნა

როგორც საზოგადოებრივ მეურნეობებში, ისე პირად დამხმარე მეურნეობებში ცხვრის პარსვის გეგმის შედგენა უგულებელყოფილი იყო იმ მოტივით, რომ პარსვის გეგმის მონაცემების მოძიება ძნელი იყო და, რაც მთავარია, მისი შესრულება არარეალური. საპარსი ეწყობოდა დენის ელექტროგადამეცემი ბოძის ახლოს, შეკრული ცხვრის პარსვა ხდებოდა მიწაზე. მპარსველებმა არ იცოდნენ სპეციალური საპარსი დაზგების არსებობა,  სადაც ცხვარი გულაღმა იმართება, ფეხები კი ცალკე უმაგრდება. დაზგა იძლევა ცხვრის ორივე გვერდზე გადაწოლისა და მისი 180 გრადუსით შემობრუნების საშუალებას. ეს გარემოება მეტად აადვილებს ცხვრის პარსვას. სასურველია, რომ ეს დაზგები ჩვენშიც მალე შემოიღონ. ცხვრის პარსვის შემდეგ მატყლი დახარისხების გარეშე ბარდებოდა მატყლის დამამზადებელ პუნქტებს, სადაც  მატყლის დახარისხება, ბარდანებში დაწნეხვა და ეტიკეტების მიხედვით მაუდკამვოლის კომბინატებში ჩაბარება წლის განმავლობაში მთელ რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

როგორც ვიცით არსებობს დუქარდითა და მანქანით პარსვის ხერხები. ამჟამად ჩვენში ძირითადად დამკვიდრდა ელექტრომექნიკური პარსვა. დუქარდის პარსვასთან შედარებით, მანქანით პარსვა დიდი უპირატესობით გამოირჩევა. მექნიკური პარსვა აადვილებს მპარსავის შრომას, ზრდის  შრომის ნაყოფიერებას, აუმჯობესებს მოპარსული მატყლის ხარისხს და ამცირებს მატყლის დანაკარგებს. მექანიკური წესით ბევრად დაჩქარებულია ცხვრის პარსვა. თუ საშუალო კვალიფიკაციის მპარსავი დუქარდით დღეში პარსავდა 40-45 ადგილობრივი ჯიშის ცხვარს, მანქანით ამავე კვალიფიკაციის მპარსავს შეუძლია გაპარსოს იმავე ჯიშის 80-100 ცხვარი. ამ საქმეში დიდი წარმატებებია მიღწეული და პარსვის ზოგიერთი ოსტატი გასაოცარ შედეგს აღწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გვინდა მოგითხროთ საზღვარგართელი მპარსავი ოსტატების მოღვაწეობის შესახებ, კერძოდ ახალზელანდიელ ოსტატებზე. გამოჩნენილმა მპარსავ-ოსტატმა გოდფრეი ოუენმა დელეგაციის თვალწინ 10 წუთში შვიდი ცხვარი გაპარსა, ამასთან თითოეული ცხვრისგან საშუალოდ მიიღო 4-5 კგ მატყლი. ბოუენისათვის ზღვარი არ ყოფილა. 1954 წელს ქ. პალმერტონში სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მოწყობილ შეჯიბრებაში მას 30 წუთში რიმნი-მარშის ჯიშის 26 ცხვარი გაუპარსავს, 5 კგ საშუალო ნაპარსით. თვით ბოუენი იუწყება, რომ მისი პარსვის დღიური ნორმა 300-350 ცხვარს შეადგენდა, რომ მისი მსგავსი ოსტატები ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მრავლადაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში არაერთი ცხვრის პარსვის ოსტატი იყო. ზოგერთ მათგანს 100-150 მირინოსული ჯიშის ცხვრის გაპარსვა შეეძლო. მაგალითად, მოროზეიკო (სტავროპოლის მხარე) 8 საათში 106 წმინდა მატყლიან ცხვარს პარსავდა; ი. პავლენკო (ზაპოროჟიეს ოლქი) – 125-ს,  ნ. სტოიანოვი (მოლდავეთის სსრ) – 127-ს; ზემო მაჩხაანის სტალინის სახ. კოლმეურნეობის მწყემსი გ. ჯანაშვილი – 100 ცხვარზე მეტს და სხვა  [IV].

გაზაფხულზე, გაპარსვის შემდეგ, ცხვარი  უნდა  დამუშავდეს ქეცის საწინააღმდეგო სამკურნალო-პროფილაქტიკური  საშუალებებით.  ჩვენში ეს პროცედურა კრეოლინის ხსნარით ხორციელდება, ზოგან კი შხაპებითა და სხვა საშუალებებით მკურნალობენ. უკანასკნელ წლებში ამ მიზნისათვის კრეოლინთან ერთად ჰექსაქლორანს იყენებენ, რაც ნამდვილად უკეთეს შედეგს იძლევა. ცხვრის ასეთი დამუშავება ერთდროულად სისხლის პარაზიტებსაც (ჰემოსპორიდიებს) სპობს და თავიდან აცილებს მათგან  გამოწვეულ ისეთ დავადებებს, როგორიცაა პიროპლაზმოზი, ბაბეზიელოზი და სხვა სნეულებები, რომლებიც გადააქვთ ტკიპებს (ნაბარევი). კრეოლინითა და ჰექსაქლორანით დამუშავებულ ცხვარს ტკიპები ნაკლებად ეკარება. ცხვრის გაბანა შეიძლება გაპარსვიდან მხოლოდ 6 დღის შემდეგ.

პირუტყვის გაბანა უნდა მოხდეს ორჯერადად 6-7 დღის შუალედით. სასურველია, რომ ამ ღონისძიებამ მიიღოს მასობრივი ხასიათი. ცხვრის გარდა უნდა გაიბანოს ბრიგადის ყველა ბინადარი: ძროხა, ცხენი ძაღლი; გარდა ამისა, კრეოლინის ხსნარში უნდა გაირეცხოს მთელი ინვენტარი, ჩატარდეს დეზინფექცია, ბინაში – ფარეხში, ქოხებში, ბაკებში. ეს ღონისძიება უნდა განმეორდეს ცხვრის გაბანასთან ერთად, ორჯერადად. რაც შეხება ხსნარების სიმაგრეს, ტემპერატურასა და გამოყენებულ წესებს, ამას სერიოზულ ყურადღებას უნდა აქცევდეს ვეტპერსონალი.

საკითხის შესწავლით ირკვევა, რომ კოლექტიური მეურნეობების დაშლის გამო  მოსახლეობას ცხვრის მოვლა-შენახვის და ვეტერინარული დამუშავების ეკონომიკური საშუალება არა აქვს. არ ტარდება ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის: ცხვრის კრეოლინის ხსნარში გაბანვა  და დამუშავება, ნაბარეზე დამუშავება; ვერ იღებენ მიწის ფართობებს სენაჟისა და სილოსის საწარმოებლად და პრაქტიკულად ვერ დებენ სენაჟსა და სილოსს, ვერ მუშაობენ სელექციის გაუმჯობესებისა  და  მოშენების მიმართულებით, რის შედეგადაც კნინდება ცხვარი და გაქრობის პირზეა მისული თუშური ცხვრის პოპულაციები. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  აბესაძე რ., ეკონომიკური განვითარების ენერგოეკოლოგიური ფაქტორები და ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების მაკროეკონომიკური მიდგომები საქართველოში. თბილისი, `მეცნიერება”, 2004.

2.  ბეღელაური გ., მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივა დავით გარეჯში. რეცენზ. ელექტრ. სამეცნ. ჟურნალი, 2010, # 25.

3.  ბურდული ვ., სოციალური და ეკონომიკური განვითარების კოორდინაცია რეგიონალურ და ლოკალურ დონეზე. `მერიდიანი”, თბილისი, 2006.

4.  ვაჟა-ფშაველა ხევსურები, თხზ. სრული კრებული ტ. IX, თბილისი, 1964.

5.  გამყრელიძე ბ., ცენტრალური კავკასიის მთიელთა ალპური მესაქონლეობა. `მეცნიერება”, 1982.

6.  კუნჭულია თ., საქართველოს სოფლის მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის პრობლემები. `მეცნიერება”, თბილისი, 2003.

7.  საქართველოს კანონი (საქართველოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ) საქართველოს საკანონ-მდებლო მაცნე, # 42, 2005.

8.  ქავთარაძე თ., აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო. `მეცნიერება”, თბილისი, 2003.

9.  ქუმსიშვილი ვ., მომთაბარე მეცხვარეობის ტექნოლოგია ინტენსიფიკაციის საფუძველზე `განათლება”, თბილისი, 1983.

10.  ქუმსიშვილი ვ., მატყლმცოდნეობა. `ცოდნა”. თბილისი, 1961.

11.  ქათამაძე დ., ცოტაძე მ., მეცხვარის ცნობარი, `საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1974.

12.  ყამარაული ს., საქართველოს სსრ მეცხვარეობის ინტენსიფიკაციის სა-კითხები. `საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1979.

13.  წიკლაური ქ., მეცხოველეობა და ბიზნესი საქართველოს მაღალმთიანეთში. თბილისი, 2002.

14.  ჯანიაშვილი ი., მეცხოველეობის განვითარების ეკონომიკური პრობლემები საქართველოში. `საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1974.